რით ვუწამლოთ ლარს?

ცოტა ხნის წინ ფრესკოს საკონდიტრო განყოფილებაში საუბარს შევესწარი - სამინისტროდან შესვენებაზე გამოქცეული შუახნის ქალბატონი სასუსნავებს არჩევდა, „ურთულესი“ სამუშაო დღის ჭრილში სტომაქი რომ შეევსო - ესეც ორასი გრამი ამიწონეთ, ხომ ნამდვილად „როშენია“? რაიმე ორცხობილაც მინდა, ოღონდ „როშენის“ მეტს ნურარას შემომთავაზებთ, ნამდვილად „როშენია“ გოგონა? აქ რომ „გეოკონდიტერი“ აწერია? ნამდვილად შეცდომით წერია? ნერვები არ მეყო ბოლომდე მოსასმენად და დავტოვე იქაურობა...

დღეს ეროვნულ ვალუტას არსებობა უჭირს. იმპორტი ექსპორტს უთვალავჯერ აღემატება, რის გამოც პოტენციაში ენითაუწერელი სიღატაკე გვემუქრება. დამნაშავეები კი ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ, მე, შენ და ჩემი მეზობელი ნაირა!

ისტორიიდან ცნობილია, რომ კოლხები ექსპორტის სარგებელში კარგად ერკვეოდნენ და იყენებდნენ კიდეც ბუნებრივ პოტენციალს უკეთესი ცხოვრების მოსაწყობად. კოლხეთიდან საბერძნეთში დიდი რაოდენობით გადიოდა ღვინო, თაფლი და ბზა. კოლხეთში იმ დროს ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა, მოოქრულ შადრევნებში რძე და ღვინო მოჩქეფდა. ექსპორტი დღესაც არ გვიჭირს, და რა გაგვაქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ? - ხე-ტყე გადაჩეხილი რაჭიდან, მარგანეცი და მცირეოდენი ოქრო, რაც ისედაც უშრომელად მოგვეცა ღმერთისგან და რისი მარაგიც ამოწურვადია, ხოლო იმის ექსპორტი, რასაც ტვინის განძრევა ჭირდება, მიზერულია. ამას წინებზე წავიკითხე, რომ თხილის წლევანდელმა ექსპორტმა 146 000 000 ლარს მიაღწია, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რადგან... რა გვჭირს? მავანმა „ჭკუიანებმა“ გადაწყვიტეს, წარმოების ნაცვლად, სხვისი შექმნილი ჩამოიტანონ გამზადებული და ადგილზე გაყიდონ. სულ მარტივი ბუღალტერია საკმარისია, იმპორტის აღსარიცხად, ფასმატების დასაანგარიშებლად და ზოგჯერ სახელმწიფოს ბიუჯეტში გროშების გადასარიცხად.... და მოდის და მოდის უზრუნველი ფულები, არავითარი წელისწყვეტა და ტვინისჭყლეტა. განა ასე ცხოვრება მარტივი არაა? საბჭოთა „იმუშავეთ ვირებოს“ გადმონაშთი მშვენივრად მუშაობს დღესაც, ყველაფერ ამის შედეგად კი ქალაქი გაივსო ტაქსის მძღოლებით, სახელმწიფო მოხელეებითა და დისტრიბუტორებით, სოფელი დაცარიელდა და გაქრობა დაიწყო. ქვეყანაში თითქმის არაფერი იქმნება.

ჩვენში იმპორტზე შემოდის ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეიძლება და არ შეიძლება - რძის პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი, ხილ-ბისტნეული, მედიკამენტები, სამშენებლო მასალა, ტექნიკა, ავეჯი და მიწა! - მიწა? დიახ მიწა.... ეს საშინელება რამდენიმე დღის წინ შევიტყვე, როცა სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში (ყვავილების მოყვარულებისთვის) რუსეთიდან იმპორტირებული მიწის რეკლამა დაიდო, რომელიც შეფუთულ მდგომარეობაში ყვავილების ბაზრობაზე და დომინოში იყიდება თურმე... გადავირიე, გავაპროტესტე მაშინვე, მაგრამ ყვავილნარელებმა საოცარი სიმშვიდით დამაიგნორეს, მთავარია იებმა იყვავილონ, ნაზად გადაიფურჩქნონ რუსულ ნოყიერ მიწაში და სხვა ყველაფერს რა აზრი აქვს? ამ ყველაზე უსაქმურ „ყვავილნარელებსაც“ კი ეზარებათ, ორი ნაბიჯი გადადგან, კოჯრის ტყეში მოაგროვონ ფხვიერი და ტორფიანი მიწა და იები ასე გადარგონ, დიახ, რატომაც არა, ისინი ქალ-ვაჟის შრომით გადაღლილი დედები არიან, რატომ უნდა შეიწუხონ თავი? განა არ ჯობია კომფორტულად დაფასოებული, სულ რაღაც 5 ლარიანი რუსული მიწა იყიდონ და საცერიც არ დასვარონ? ეს ხუთი ლარი გადაგვიყოლებს მეგობრებო, დიახ, თქვენ მიერ რუსეთის ბიუჯეტში გადამისამართებული ხუთი ლარი გადაგიყოლებთ თქვენც და სხვებსაც და მაგ მოფრთხილებულ საცერში გასაცრელიც აღარაფერი გექნებათ.

როცა საქართველო საბჭოეთის ნაწილი იყო, მთელ რესპუბლიკაში მოხმარებული თამბაქოს წარმოების 95% აჭარაზე მოდიოდა. სად გაქრა დღეს ეს თამბაქო, დაჭკნა და გადაშენდა? თუ მოდის მაგრამ აღარავის უნდა ნერვებისა და ძალის დახარჯვა მის გადამუშავებასა და სიგარეტად ქცევაზე? გამზადებული სიგარეტის საბარგოდან გადმოტვირთვა უფრო მარტივი ყოფილაო, დააწყობენ ყუთებს საწყობში, ჩამოადისტრიბუტორებენ მაღაზიებში, გადათვლიან მოგებას და - გაუმარჯოს ცხოვრებას, კაი ქართველებს და კახურ ღვინო-არაყს. ჯერჯერობით კახურს, რადგან სუპერმარკეტების ქსელში სულ უფრო მატულობს სლავური არყების კოლექცია, თითქოსდა პაპაჩემის მეთოდით ჭაჭაზე გამოხდილს რითიმე ჯობდეს. მაგრამ ქართული არყის ქარხნულად წარმოებასა და ბოთლებში ჩამოსხმას კალორიების დაკარგვა მოყვება, ჩვენ კი, ღიპუცა ქართველებს ყველაფრის უშრომლად მიღება გვირჩევნია.

უამრავი რამ შეიძლება დავასახელოთ, რასაც ჩვენი ქვეყანა ვერ აწარმოებს, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია და მათ იმპორტს ვერ ავუვლით გვერდს, მაგრამ მწარედ მახსენდება ცოტა ხნის წინ ფარმაცევტთან „მიღწეული“ უთანხმოება, როცა ექიმის მიერ გამოწერილი ქართული წარმოების მედიკამენტის ნაცვლად მის იმპორტულ ანალოგს მთავაზობდა, ანდა ნიკორას მაღაზიაში პურის საყიდლად წამიერად შესული მოწადინებულ კონსულტანტს რომ გადავაწყდი, რომელიც მაძალებდა „ბარილას“ წარმოების იტალიური კარაქის დაგემოვნებას, რასაც ჩემი ფუჭად დაკარგული 30 წუთიანი ლექცია და კონსულტანტის ქვეყნის მოღალატედ შერაცხვა  მოყვა.

პრობლემას, რომელმაც ჩვენი ამდაგვარი ცხოვრება მოიყოლა, საბჭოთა ყოფაში აქვს ფესვები, როცა ყველაფერზე პასუხისმგებელი ვიღაც „სხვა“ იყო, ის იღებდა რისკებს თავის თავზე  და უბედურების შემთხვევაშიც თვითონ ეძებდა გამოსავალს. ერი მენტალურად გაზარმაცდა და ახლა საყრდენგამოცლილობის ოცდამეექვსე წელსაც კი არ შეგვიძლია ელემენტარული ეროვნული თვითშეგნების გამოჩენა, როცა სუპერმარკეტში შევდივართ და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მშიერ კუჭუნას „როშენის“ ორცხობილა უფრო ამოავსებს, ვიდრე მისი ხარისხიანი  ქართული ალტერნატივა, არ გვყოფნის თვითშეგნება საიმისოდ, რომ ჯობს ვიყოთ მშიერი, ვიდრე დღეს ვიყიდოთ იმპორტული და ჩვენი შვილების მომავალი ეჭვქვეშ დავაყენოთ. ძნელია მეზობლის ქალ ნაირას ეკამათო, რომელიც ჯიუტად ფიქრობს, რომ მეზობლის ფარდები მისას ჯობია, რომ უხარია, როცა საახალწლოდ სახლს იმპორტული ჯონჯოლებით კაზმავს და ლარის გაუფასურებით თავზარდაცემული მთავრობას ლანძღვს, გამოსავალს კი შვილების სხვაკონტინენტურ ცხოვრებაში ხედავს.

მართალია, მავან და მავან გაბღენძილ იმპორტიორს თავიდან ვერ გავზრდით და ღირსეულ მამულიშვილებად ვერ ვაქცევთ, მაგრამ ჩვენ, რიგით მოქალაქეებს ძალიან მარტივად შეგვიძლია, მაღაზიის დახლებში გვერდი ავუაროთ ყველაფერ იმპორტულს და არჩევანი ქართულის სასარგებლოდ გავაკეთოთ, რადგან ჯარისკაცობა და ერისკაცობა მხოლოდ იარაღით საზღვარზე დგომა არაა და დღეს ჩვენ ქვეყანას ისე სჭირდება ჩვენი მსყიდველობითი შეგნება, როგორც არაფერი სხვა.

მოსემ ორმოცი წელი ატარა ებრაელი ერი უდაბნოში, სანამ თაობა გამოიცვლებოდა და მიიღებდა საზოგადოებას, რომელიც აღთქმულ ქვეყანაში ცხოვრების ღირსი იქნებოდა. მიხარია, რომ ბიბლიური სიბრძნის მიხედვით ჩვენ მენტალურ ხსნას სულ რაღაც თოთხმეტიოდე წელი აკლია და თუ  მანამდე უკანასკნელი მიწის გოჯიც არ გავასხვისეთ იმპორტული ნობათის სახლში მისატანად, ჩვენ შვილებს ძლიერი ეკონომიკის მქონე საქართველოში ეღირსებათ ცხოვრება!

 ავტორი: ლელა მაჩაბლიშვილი