ორიოდე სიტყვა „ალი და ნინოს“ ეკრანიზაციაზე

გულგრილი ვერ დავრჩი ამ ფილმის მიმართ.

ბრიტანულმა კინოსტუდიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თავი მოუყარა წარმატებულ კინომსახიობებს და დღეს უკვე თბილისის კინოთეატრებში შეგვიძლია ვიხილოთ აზერბაიჯანელი მწერლის, ყურბან საიდის რომანის „ალი და ნინოს“ კინოვერსია. მე არ შევეხები თვით რომანის ლიტერატურულ ღირებულებებს, რადგან ამჯერად კინოს განვიხილავ.

ფილმის ცენტრალური ფიგურაა ყველა ადამიანური ღირსებით შემკული მაჰმადიანი არისტოკრატი ალი ხან შირვანშირი, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში დადებითად განაწყობს მაყურებელს. ნებისმიერი აზერბაიჯანელი მოზარდი ფილმის ნახვისთანავე პატრიოტული გრძნობით აღივსება ალის საქციელის მიმართ. ის თვით ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი, უყოყმანოდ აკეთებს არჩევანს სამშობლოს სასიკეთოდ, მას შეუძლია უარი თქვას ყველაფერზე, დატოვოს სიყვარული და ქვეყანა წინა პლანზე დააყენოს. ფილმის არცერთ ეპიზოდში ალის ქცევა არ იწვევს გაღიზიანებასა და აგრესიას.

მისგან განსხვავებით ერთობ ქარაფშუტა ქალს გამოსახავს ნინო, რომელიც წიგნში გაცილებით  თავშეკავებულია. ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა ფილმის სცენარის მიხედვით ალი მას ცოლობას სთხოვს, ნინო გაბედულად და მხიარულად ეკითხება: „- მამაშენი რჯულის შეცვლას არ მომთხოვს? - სხვა ცოლებს აღარ შეირთავ? - პარიზში წამიყვან?“ - და ჰოპა, ის უკვე თანახმაა ცოლად გაყვეს მაჰმადიან კაცს, არანაირი გრძნობათა წუხილი, შინაგანი ბრძოლა არაქრისტიანზე და უცხო ერის კაცზე ქორწინებით გამოწვეული, მასში არ ჩანს. არც რეჟისორსა და არც სცენარის ავტორს არ უზრუნიათ ფილმში თუნდაც წამიერი კადრის დამატებაზე, რომელშიც ნინოს სევდითმოცული სახე იქნებოდა ასახული, გამოხატავდა რა შინაგან ბრძოლას გრძნობასა და მამულიშვილობას შორის, ვერ გაუგია ეს ამბავი ბრიტანელ რეჟისორს, რაც ფილმის ამ მონაკვეთს ხელოვნურ იერს აძლევს.  ფილმში ნინო თამამი ქალის როლშია, რომელიც ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც კი არ ერიდება კაცთან კოცნა-ლაქუცს, ეს შეიძლება რეჟისორის ხარკი იყოს თანამედროვე პუბლიკის მიმართ, მაგრამ ყოველი ასეთი კადრის ინიციატორი ქალია, ალი ბოლომდე თავშეკავებული  რჩება.

ფილმში რამდენიმე საზარელი კადრია: საკმაოდ მძიმე საყურებელია ალის მიერ სომეხი ახალგაზრდის მკვლელობის სცენა. თითქოს გრძნობ, როგორ ძლიერად აწვება დანას არაქათგამოცლილი მიჯნური, როგორ ჭრის ის ჯერ ტანსაცმლის უხეშ ქსოვილს და მერე ძვლების გვერდისავლით თბილ გულში ჩასრიალდება, გულგრილი ვერ დარჩება მაყურებელი ამ საშინელი სცენის მიმართ, რომლის უფრო მსუბუქად, ნაკლები გამომსახველობით გადაღებაც შეიძლებოდა. მეორე საშინელება რუსი ჯარისკაცების სახეა, რომელიც არც ქართველი მაყურებლისთვისაა უცხო უბედურება, სახეები, რომელიც პალტო-ჩექმიან ჯალათებს მოქმედების გარეშეც აკუთვნებს თავის როლს, უთუოდ რეჟისორის ნიჭიერებაზე მიუთითებს.

ფილმში მწვავედ დგას „სხვისი ომის“ საკითხიც. აქ რეჟისორი თამამად ეხება სხვის ომში დაღვრილი სისხლის თემას, არ ერიდება მტრის პირდაპირი სახით გამოსახვას.

დადებითად განაწყობს მაყურებელს ალისა და ნინოს ალპურ მთებში ცხოვრების სცენები. შეყვარებულები უკიდურეს სიცივესა და ჯაფაში, ცივილიზებული სამყაროსგან მოშორებით ბედნიერად ცხოვრობენ, რაც კარგი მაგალითია ზოგი თანამედროვე კომფორტს დახარბებული წყვილისთვის.

ჩემთვის მიუღებელი იყო ფილმის ორი სცენა: საქორწინო ცერემონიალის დროს ნინო ხელს აწერს ლათინური ასოებით, ალი კი არაბულად, რაც არასწორია. რეჟისორი ვალდებული იყო, ეთიკურ-ესთეტიკური მიზნით ნინოს ხელრთვა ქართული შრიფტით შეესრულებინა, რასაც სულაც არ სჭირდებოდა განსაკუთრებული ძალისხმევა, უბრალოდ თავი არავინ შეიწუხა არც გადამღებთა და არც ქართული მხრიდან! ასევე მინისტრის თათბირის ერთ სცენაში, სადაც ომის სტრატეგია განიხილება, კედელზე აზერბაიჯანის ნაცვლად, საქართველოს რუქა კიდია (!), ეს ერთობ გაუგებარი ფაქტია, მით უმეტეს, რომ ფილმს აზერბაიჯანული მხრიდან გადამღები ჯგუფისადმი გაწეული მსუყე კონსულტაციის კვალი ეტყობა.

ფილმი, ჩემი აზრით, მაღალი ხარისხით შესრულებული სახელმწიფო დაკვეთაა, რასაც მის პროდიუსერთა სიაში პრეზიდენტის ქალიშვილის გვარის არსებობა ადასტურებს. ის მიზნად ისახავს აზერბაიჯანის, როგორც სახელმწიფოს და კულტურის მატარებელი ქვეყნის წარმოჩენას მსოფლიოს წინაშე, მისი მთავარი გმირის ცხოვრება კი ღირსეული მაგალითია აზერბაიჯანელი, და არა მხოლოდ აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის!

ავტორი: ლელა მაჩაბლიშვილი