ძროხა ოტისის სექსუალურ ორიენტაციაზე

ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც მოუკრავს თვალი მულტფილმ „ფერმაზე“(The farm), რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე დილაობით გადის და ჩემი შვილები ფრიად შეყვარებულნი არიან მის გმირებზე. ეს ერთი შეხედვით უწყინარი სერიალი საყვარელი  და სასაცილო პერსონაჟებით ძალიან მაფიქრებს და მაშფოთებს ჩემი შვილების, და არა მხოლოდ მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საკითხებთან მიმართებაში. ჩემმა პატარებმა კარგად იციან, რომ ძროხა, რომელიც რძეს იძლევა არის მდედრი, და იმავე სახეობის მამრს ხარი ჰქვია, რომელიც არამც და არამც არ იძლევა რძეს! აი, ზემოხსენებული მულტისერიალის მთავარი გმირი კი, ერთობ მამაცური ქცევებით გამორჩეული მამრობითი ძროხაა. დიახ, ძროხაა, მშვენიერი აღნაგობითა და ვარდისფერი ცურებით!  ოტისი არის მომღერალი და მოცეკვავე ძროხა, რომელიც თავისი გამჭრიახობითა და, მამაკაცური საქციელით, გვაოცებს! …დაიბნენ ბავშვები.

www.barnyard.wikia.com -ზე, რომელიც მულტფილმების ვიკიპედიაა, ვკითხულობთ ინფორმაციას ოფიციალური მხარისგან – ძროხა ოტისი, მულტფილმის მთავარი გმირი, არის თეთრი შეფერილობის, შავი ლაქებით, ღია ვარდისფერი პირისახით, ლურჯი თვალებითა და ასევე ვარდისფერი ცურებით, რომლებზეც საწველი აპარატის ხშირი მიერთებით ვაჟკაცს წონაშიც კი დაუკლია. არაფერი შეშლიათ. იმავე საიტზეა მითითებული, რომ ოტისი არის დეიზის (ასევე ძროხა) ყოფილი ქმარი და ების „მეგობარი ბიჭი“. ებიც ძროხაა. მიხვდით რამეს? 

ერთი ვერსიით შეიძლება ვივარაუდოთ,  რომ რეჟისორს, ანდა სცენარის ავტორს, მეგაპოლისში მყარად სახლობის გამო ძროხასა და ხარს შორის არსებულ რაიმე სხვაობაზე არც კი სმენია, არამც თუ თვალით ენახა, ის არასოდეს ყოფილა სოფელში და არც  წიგნი წაუკითხავს მსგავსი საკითხების შესახებ. თუკი ვინმეს ხარის  სასქესო ორგანოთი გამოსახვა მოერიდა (?), შეეძლო სულ მის გარეშე დაეხატა, არავინ დასდებდა ბრალს. მაგრამ ეს რა უბედურებაა, ახალგაზრდა თაობას სქესშეცვლილი არსების შესახებ მხატვრულად აწვდი ინფორმაციას, ისე, რომ  პროტესტის გრძნობაც კი არავის გაუჩნდება.

 

პირადად მე, ამ სერიალის „ტენდენცია“ მაშფოთებს. ყოველთვის ვუხსნი ბავშვებს, რომ ავტორს არ აქვს სათანადო ცოდნა, რის გამოც უშვებს შეცდომას, და რომ ოტისი სინამდვილეში მდედრია და გამორიცხულია რაიმე მამაკაცური თვისება ჰქონდეს, და რომ ეს მხოლოდ უნიჭო ავტორის მულტფილმია და კიდევ ბევრ რამეზე მოუწევთ დაფიქრება, რადგან ცხოვრება სავსეა ასეთი „გაუგებრობებით“…

 ავტორი: ლელა მაჩაბლიშვილი