Blog

Jan. 2, 2017

რამდენიმე ხნის წინ ერთი ახალი ინტერნეტჟურნალის რედაქტორთან ვიყავი შეხვედრაზე. დიდხანს ვისაუბრეთ, დაინტერესდა რას ვფიქრობდი თანამედროვე ქართულ პრესაზე, მე კი ეს უკანასკნელი პირდაპირ შევუფასე უარყოფითად, რადგან ქართულ მედიას ანალიტიკა ძალიან აკლია. გაიღიმა - ანალიტიკური სტატიები ოჯახის წევრებს წააკითხე, საზოგადოებას კი ინტრიგა და სკანდალი უნდა შესთავაზოო! რაოდენ გულსატკენიც უნდა იყოს, ეს სიმართლეა.

საიდან მოდის პრობლემა? - ნათქვამია, რაც ერია ის ბერიაო და ალბათ ქართულ პრესაში მოცემული მასალაც ჩვენი, როგორც საზოგადოების დაკვეთაა, ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია საუბრობენ იმაზე, რაზეც მოთხოვნაა საზოგადოებაში. ნაირას და ზაირას აინტერესებთ პრიმიტიული, ბანალური რომანტიკა, მეზობლის პირადი ცხოვრების დეტალები და ჩვენი პრესაც აქვეა მიყურადებული. არსებობს მიზეზის ახსნის მეორე ვარიანტიც, რისიც მე მეტად მინდა მჯეროდეს - ჟურნალისტები, რომელთა დიდი ნაწილი, არავინ იცის საიდან მოვიდა, რა უსწავლია და უკეთებია, საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემნი ნამდვილად არ არიან, ამ ფენამ იმთავიდანვე ვერ შეძლო, რაიმე, თუნდაც ბანალური მოვლენის ანალიზი გაეკეთებინა და შეეთვაზებინა საზოგადოებისთვის, ამიტომაც მარტივი თემებითა და მშრალი ფაქტებით შემოიფარგლა და მკითხველიც აიყოლია. მე მახსენდება ერთი ჟურნალისტი ქალბატონი, რომელთანაც წარსულში მქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. დილის თორმეტ საათზე ვაღვიძებდი :) ვთავაზობდი დასაბეჭდ თემას და მორიდებით მთხოვდა, ეგება პირდაპირ სტატია დამიწერო და ფოტოიანად გამოუშვაო:) არ იღლიდა თავს მასალების გაცნობით, მისი მისია ხომ ამის გარეშეც რთული იყო!

თანამედროვე ქართული ინტერნეტგამოცემების მიხედვით იკვეთება რამდენიმე პრობლემა, რომელიც აქტუალურია ჩვენ საზოგადოებაში. მაშ ასე, ერს ყველაზე მეტად, არც მეტი და არც ნაკლები, ჭარბი წონა აწუხებს. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ისე ვერ გამოჩნდები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, აქეთ-იქიდან დიეტების შესახებ წუწუნს რომ არ მოკრა ყური. ნაირას და ზაირას აინტერესებთ, როგორ უნდა დაიკლონ კვირაში თუნდაც ერთი კილო, ისინი ეძებენ, კითხულობენ, აზიარებენ სოციალურ ქსელში ინფორმაციას სხვადასხვა დიეტის შესახებ, არჩევანიც უსაზღვროა და სარკაზმულ ფანატიზმამდე მისული - „პრასის ნახარში დილა-საღამოს და თქვენ დაიკლებთ  3 კილოს კვირაში“, „ბროწეულის ნახარშის ეს რეცეპტი კვირაში 5 კილოს დაგაკლებინებთ“, ანდა „ხახვის ფურცლის საფენები მთელ ტანზე თქვენ წონას 10 კილოგრამით შეამსუბუქებს“ (მე რაც მახსენდება, ხახვის ფურცელში მუმიებს ინახავდნენ, ეტყობა ჟურნალისტი დაესესხა ძველეგვიპტელ ექიმებს, მედიკოსს დაეყრდნო, ვერ უჩივლებ!), არჩევანი ოხრადაა დიეტისმაძიებელთათვის, ყველა გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება შესაბამისი რეცეპტი. ინტერნეტჟურნალები წალეკა სხვადასხვა სპეციალობის ადამიანისა თუ ვაიჟურნალისტის აუარებელმა რჩევამ. შედეგად - გვერდი უფრო ნახვადი ხდება, მასზე არსებული სარეკლამო სივრცე კი - გაყიდვადი! 

დიეტების თემას ჩამორჩება მაგრამ მაინც ლიდერია ასტროლოგიასთან დაკავშირებული საკითხები - „რომელი ზოდიაქოს ნიშანი გამოგადგება ცხოვრების თანამგზავრად“, „რომელ ნიშნებს შორის ვეძებოთ ბიზნეს პარტნიორები“ და მისთანანი, საზოგადოება ინტერესით კითხულობს, აზიარებს და კომენტარებსაც ურთავს მსგავს ჯურნალისტურ ნარკვევებს. ნაირა კი, ეყრდნობა რა ასტროლოგის დარიგებებს, დღემდე ცხოვრების თანამგზავრის ძიებაშია:).

არანაკლებ უსიამოვნო ფაქტი ჟურნალისტების მხრიდან მკითხველის ცნობისმოყვარეობით მანიპულირებაა. ქართული ინტერნეტ სივრცე ოხრადაა გაჯერებული სხვისი ცხოვრების უხერხული დეტალების ამსახველი ფოტოებით. რა ქნას ჟურნალისტმა - ქართველ ერს აინტერესებს, რა ფერის საცვლებს მოიხმარს ანჯელინა ჯოლი, ვისთან სძინავს და რით იკვებება. სახელდახელო ძებნით ვპოულობთ სტატიებს - „შორენა ბეგაშვილის წითელი ელასტიკის მსგავსი აქამდე არ გინახავთ“ - ამ ქალბატონს არაფერს ვერჩი, მაგრამ რატომ ჰგონია ჟურნალისტს, რომ შორენას ელასტიკი უნდა მაინტერესებდეს და ნანახიც მქონდეს, ვერ ვხვდები. ან კიდევ „ვასო ფხაკაძის ულამაზესი ცოლ-შვილის ჩაცმულობა ყველას აოგნებს“ - ვის აოგნებს ქალბატონო ჟრნალისტო? „ყველაში“ ჩემი ერთი ნაცნობი მაინც ხომ უნდა ერიოს????

საინტერესო სათაურია - „ქეთო თოფურიძემ ბიკინზე გამჭვირვალე პენუარი მოისხა და მინიონს ეპრანჭება - ნახეთ ულამაზესი ქეთოს სექსუალური ლუქი“ - ესე იგი, ჩამოვრჩი დროს, ან ეს ქეთო ვინაა ან რატომ უნდა მაინტერესებდეს მისი ათასჯერგანარეცხი ღამის პერანგი და ზედ მოხვეული მარლა, ცენტრალური გათბობის რადიატორი და გაბერილი ბუშტი, რომლებიც ამ ატეხილი გოგოს გვერდით ათასნაირ ასოციაციას იწვევენ, მაგრამ ფროიდი მკვდარია :) ამ ქვეყანას კიდევ მორალური ცენზორი და პატრონი არ ჰყავს.

იქვე რჩევასაც არ იშურებს ჟურნალი - „რატომ უნდა ჩაიცვათ ახალი წლის ღამეს ტანსაცმელზე წითელი ტრუსები?“(სტილი დაცულია!) - თქვენ თუ ყვითლის ჩაცმას აპირებდით ბატონებო, თანაც ტანსაცმლის შიგნით, ასე ვთქვათ, მიგიქარავთ!  - სტატიის მიხედვით, ალბათ უკვე გაბედნიერებული ჟურნალისტი, მექსიკელების ტრადიციის გაზიარებას გვირჩევს - თუ მარტოსული ახალ წელს წითელი ტრუსებით შეხვდები, თანაც ტანსაცმლის ზემოდან, უსათუოდ სწრაფად გაგეხსნება ბედიო. ესაო, ისაო.... დემოგრაფიული პრობლემაო... აგერ გვშველებია უცებ!

წაიკითხა ნაირამ ინტერნეტში ასტროლოგის რჩევა, - „სად უნდა დადგათ ნაძვის ხე იმისთვის, რომ იღბლიანები იყოთ?“ - და დაარბენინებს თავის მრგვალ ნახევაროთახიანში ამ საცოდავს, ვერ მოძებნა აღმოსავლეთ კუთხე:).

წარმომიდგენია, ვინმემ რომ მოინდომოს ქართული საზოგადოებრივი აზრის კვლევა პრესის მიხედვით, რა დასკვნები დაიდება. რა ადარდებს და აინტერესებს ხალხს, რაზე ზრუნავს და რაზე ნერვიულობს? - დასკვნები გულსატკენია. ტენდენცია, რომლისკენაც თანამედროვე პრესას მივყავართ, ერის გამოპრუტუნებას ემსახურება და სამარცხვინო შედეგებამდე მიგვიყვანს, არადა მედია ყოველთვის იყო და იქნება იარაღი, რომელსაც დიდი ძალა აქვს! ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტი და თავად მედიასახლიც ერში დადებითი ცვლილებებისთვის იყოს მომართული, ისინი ვიღაცის საცვლებს მისჩერებიან და საზოგადოების ყურადღების ფოკუსირებასაც იქით ახდენენ. მკითხველის აზრსა და გონებას აუძლურებენ, აცლიან სინათლეს. მსოფლიო გლობალური ცვლილებების ფონზე კი ჩვენი ქვეყნის მომავალი სათუო ხდება.

გამოევსოთ ნაირას და ზაირას ტვინი ინფორმაციით, რომელიც გონებაში ყოველგვარი საღი აზრის წარმოშობას უშლის ხელს, დადექი მერე და ელაპარაკე ამათ სამშობლოს ნათელ მომავალზე, დაკარგულ მიწებზე და იმაზე, თუ რატომ უნდა იყიდონ ქართული შოკოლადი ფერეროს ნაცვლად, „სანტინო“ ამჯობინონ „პრეზიდენტს“ და ასე შემდეგ.

XIX-ე საუკუნის შუაში ქართულ რეალობაში დაიწყო თეატრის დაფუძნება. გამოჩნდნენ დრამატურგები, მსახიობები. მოდაში შემოვიდა ოჯახური შემოქმედებითი სალონები. ასეთ ადგილებში საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი იკრიბებოდა და ყალიბდებოდა საზოგადოებრივი აზრი, რის გარეშეც ქვეყანა ვერ განვითარდებოდა და დამოუკიდებლობაზეც ვერ იოცნებებდა! დღეს კი რას ვხედავთ, პრესა, განსაკუთრებით კი ინტერნეტ-მედია გამეტებით ცდილობს ჩაახშოს, გააბაიბუროს ყოველგვარი საღი აზრი და ქვეყანა ჩიხში შეიყვანოს. „ბუჩქნარის ჟურნალისტები“ კარგად ასრულებენ მარტივ დავალებებს და მიყავთ მასები, ღმერთმა იცის საით... შედეგად კი, საზოგადოების აქტივობა ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს უტოლდება :( ხალხი ინერტულია! ასეთ გარემოში კი ქვეყნის წინსვლაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება.

რჩევა ნაირას - წონაში დაკლება დიეტით კი არა, ფიზიკური აქტივობით ჯობია, მოძრაობა და მოძრაობა ჩემო ხალხო!

 

ავტორი: ლელა მაჩაბლიშვილი